ხშირად დასმული კითხვბი

რას ნიშნავს იყო SAGA-ს სერტიფიცირებული გიდი ?

იყო SAGA-ს სერტიფიცირებული გიდი ნიშნავს, რომ ადამიანმა წარმატებით ჩააბარა 3 საკვალიფიკაციო გამოცდა, რომელიც ადასტურებს მათ კომპეტენციას საქართველოს ისტორიისა და კულტურის, გიდის უნარებისა და კომუნიკაციის და ტურის დაგეგმვის სფეროებში. სამი გამოცდა მოიცავს პრაქტიკულ საფეხმავლო ტურს, წერილობით გამოცდას და სატრანსპორტო ტურის გამოცდას. SAGA სერთიფიკატი ამჟამად წარმოადგენს უმაღლესი დონის სერთიფიკატს, რომელიც გიდს შეუძლია მიიღოს საქართველოში და მაღალი ნდობით სარგებლობს კერძო სექტორსა და პოტენციურ დამსაქმებლებში.

როგორ გავხდე SAGA-ს სერტიფიცირებული გიდი?

საქართველოს გიდების ასოციაციის წევრობის უფლება აქვს ყველა გიდს, რომელიც მუშაობს საქართველოს მასშტაბით. იმისათვის, რომ გახდეთ SAGA-ს სერტიფიცირებული გიდი, თქვენ წარმატებით უნდა ჩააბაროთ 3 საკვალიფიკაციო გამოცდა, რომელიც ასახავს თქვენს კომპეტენციას, როგორც თეორიული ასევე, ენობრივი და პროფესიული უნარების ჭრილში. გამოცდების წარმატებით გავლის შემდეგ საჭიროა წევრობისთვის განაცხადის შევსება. ყოველწლიური საწევრო გადასახადი გახლავთ 100 ლარი.

რა სარგებელი მოაქვს SAGA-ს სერტიფიცირებული გიდად ყოფნას?

SAGA-ს სერტიფიცირებული გიდები სარგებლობენ რიგი ბენეფიტებით. ასოციაცია წევრებს სთავაზობს სხვადასხვა მიმართულების პროფესიონალურ ტრენინგებს, უზრუნველყოფს მაქსიმალურად ინფორმატიულ ღია ბაზას პოტენციური დამკვეთებისთვის, პირდაპირი წვდომის გამარტივების მიზნით. ასოციაციის წევრობის დამატასტურებელი ბარათით ხდება გიდების უფასოდ დაშვება რიგ ობიექტებზე საქართველოს მასშტაბით. გარდა ამისა, საგა-ს მოწმობასთან ერთად წევრებს გადაეცემათ გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის ბარათი - Cultour Card, რომელიც ფუნქციონირებს მხოლოდ საგა-ს ბარათთან ერთად და იძლევა შეღავათებს/უფასოდ დაშვებას ამჯერად უკვე მსოფლიო მასშტაბით არსებულ ობიექტებზე.

გარდა ამისა, საგა ზრუნავს ნეთვორქინგის გაძლიერებაზე სექტორში, სხვადასხვა საინფორმაციო შეხვედრებისა და ტურების ორგანიზების მეშვეობით. 

რა მოხდება, თუ მე ვერ ჩავაბარე საქართველოს ტურისტულ გიდების ასოციაციის სასერტიფიკაციო გამოცდები?

საქართველოს გიდების ასოციაცია წარმოადგენს საქართველოში ტურისტულ სფეროში მომუშავე უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე გიდების გაერთიანებას. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ვერ ჩააბარეთ მისაღები გამოცდა/გამოცდები, გეძლევათ შესაძლებლობა ხელმეორედ უფასოდ გადააბაროთ კონკრეტული გამოცდა. იმ შემთხვევაში, თუ თვლით, რომ გესაჭიროებათ კვალიფიკაციის ამაღლება, გირჩევთ გაიაროთ საქართველოში ოპერირებადი სასწავლო ცენტრების პროგრამები გიდის პროფესიული უნარების გასაუმჯობესებლად. საქართველოს გიდების ასოციაცია პარტნიორობს შპს. ტურიზმის აკადემია ნიუკას-თან, რომელიც დაინტერესებულ პირებს თავაზობს 3 თვიან მოსამზადებელ პროგრამას. 

როდის ტარდება ასოციაციის მისაღები გამოცდები და როგორ დავრეგისტრირდე?

მისაღები გამოცდები ინიშნება და ტარდება წელიწადში 2-ჯერ, ადრე გაზაფხულსა და გვიან შემოდგომაზე, შედარებით პასიური ტურისტული სეზონის პარალელურად. გამოცდებზე ჩაწერა შესაძლებელია მთელი წლის მანძილზე, უახლოესი საგამოცდო პერიოდისთვის და საჭიროებს მხოლოდ საკონტაქტო ინფორმაციის დატოვებას ასოციაციის ადმინისტრაციისთვის, სატელეფონო ზარის, ადგილზე ვიზიტის ან ორგანიზაციის ოფიციალურ ელ-ფოსტასა და სოციალურ ქსელში კომუნიკაციის მეშვეობით. ოფიციალური რეგისტრაცია კი განხორციელდება გამოცდებამდე 2 კვირით ადრე, ელექტრონულ ფორმატში. 

ვის შეუძლია გახდეს საქართველოს გიდების ასოციაციის წევრი?

საქართველოს გიდების ასოციაციის წევრობის კანდიდატობისთვის საჭიროა, რომ პირი:

  • იყოს საქართველოს მოქალაქე ან ფლობდეს ბინადრობის უფლებას;
  • უცხო ენის კომპეტენციის პარალელურად ფლობდეს ქართულ ენას;
  • იყოს 18 წელს ზემოთ.