გიდების საერთაშორისო დღე

21 თებერვალი - გიდების საერთაშორისო დღე

გიდის პროფესიისა და პროფესიული უნარების აღსანიშნავად, გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციამ (WFTGA) ყოველი წლის 21 თებერვალს დაამკვიდრა ტურისტული გიდების საერთაშორისო დღის აღნიშნვის ტრადიცია. სწორედ 1987 წლის 21 თებერვალს დაარსდა ფედერაცია, ხოლო 1990 წლის 21 თებერვლიდან დაიწყო პროფესიული დღის აღნიშნვა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. გიდები თუ პროფესიული ასოციაციები, ამ დღეს ახორციელებდნენ სხვადასხვა აქტივობებს ადგილობრივი საზოგადოებისთვის, მაგ.: უფასო ტურები და შემეცნებითი ღონისძიებები, რაც ემსახურებოდა პროფესიის მიმართ ცნობადობის ამაღლებას და გიდის მნიშვნელობისა და კვალიფიკაციის დემონსტრირებას ადგილობრივ თემებში. 

1990 წელს, ქნ. ტიტინა ლოიზიდასი, ფედერაციის იმჟამინდელი პრეზიდენტი, აქტიურად ჩაერთო აღნიშნული დღის პოპულარიზაციაში, რამაც მნიშვნელოვანი წინსვლა გამოიწვია - 15 ქვეყანა მსოფლიოს მასშტაბით აქტიურად ჩაერთო ღონისძიებებში, რომლებიც მოიცავდა ადგილობრივი თემების დახმარებას, უფასო ტურების ჩატარებას შშმ. პირთათვის, ბავშვებისთვის, ინდუსტრიირს პარტნიორებისთვის, სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის და ზოგადად, საზოგადოებისთვის.

დღესდღეობით, მრავალი აქტივობა იგეგმება და ტარდება ამ დღეს, რათა ტურისტული გიდები მოექცნენ ყურადღების ცენტრში და მოხდეს პროფესიის მნიშვნელობის სათანადო აღქმა და დაფასება. ფედერაციის წევრი ქვეყნები, მათ შორის საქართველო, ყოველწლიურად გეგმავს და ახორციელებს გასართობ თუ  შემეცნებით აქტივობებს სადაც ყურადღება მიმართულია ქვეყნის არაოფიციალური ელჩების, ტურისტული გიდების მიმართ. შედეგად, იზრდება ცნობადობა პროფესიის მიმართ, როგორც სამთავრობო, ასევე კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა მხრიდან.

საქართველო ტურისტული გიდების საერთაშორისო დღის აღნიშნვის ტრადიციას 2010 წლიდან შეუერთდა. წლების მანძილზე 21 თებერვლის აღნიშნვა საქართველოში ტრადიციად დამკვიდრდა და მოხარულები ვართ, რომ გარდა ასოციაციის მიერ ორგანიზებული ღონისძიებებისა, გიდები უკვე დამოუკიდებლადაც აღნიშნავენ თავიანთ პროფესიულ დღეს საზეიმო ვითარებაში.